Vano Didberidze

fullDate

„ხარისხის მართვა“ და „ხარისხის მენეჯმენტი“ – ISO 9001 სტანდარტის ევოლუცია

post.update-date

ალბათ, მრავალჯერ გსმენიათ სხვადასხვა ორგანიზაციის რეკლამა ან პიარ კამპანია, სადაც ისინი ხმამაღლა აცხადებენ: „ჩვენ დავნერგეთ ხარისხის მართვის სისტემის სტანდარტი“ ან მოვიპოვეთ „ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ისო 9001“, ან ინტერნეტში შეხვდებით მსგავს ინფორმაციას სხვადასხვა ვებ-გვერდზე, საკონსულტაციო თუ სასერტიფიკაციო მომსახურების დროს.

არსებობს ფუნდამენტური განსხვავება „ხარისხის მართვასა“ და „ხარისხის მენეჯმენტს“ შორის.

მოდით, გადავხედოთ თვით ისო 9001 სტანდარტის ევოლუციას, რომელიც შეიძლება კარგი პასუხი იყოს ამ საკითხის ასახსნელად.

გაეცანით ჩვენს ტრენინგებს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მიმართულები. ასევე, შეიტყვეთ მეტი ISO 9001:2015 სტანდარტის შესახებ.

ინსპექტირება

ადამიანები პროდუქტის ხარისხით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც დაიწყეს საქმის კეთება. არსებობს თავდაპირველი ინსპექტირების მტკიცებულებებიც. „კარგის ცუდისგან გარჩევის“ პროცესი ხორციელდებოდა ჯერ კიდევ ვიკინგების მიერ ნავების დამზადებისას, ჩვ. წ. აღ. 350 წელს. მოგვიანებით, მე-18 საუკუნეში, მას უკვე ფორმალური სახე მიეცა ინდუსტრიებში, როდესაც ამერიკელმა ფრედერიკ ტეილორმა ინსპექტირება გამოიყენა მისი „სამეცნიერო მენეჯმენტის“ მიდგომებში და გამოსცა წიგნი „სამეცნიერო მენეჯმენტის პრინციპები“ (“The Principles of Scientific Management.” 1911. by Frederick Winslow Taylor).

ხარისხის კონტროლი

მას შემდეგ, რაც ინსპექტირების დროს გამოყენებული გამზომი საშუალებები დაიხვეწა და ინსპექტორებმა თავიანთი საქმიანობის შესახებ დაიწყეს მონაცემების შეგროვება, მნიშვნელობა მიენიჭა არა მხოლოდ "ინსპექტირებას", არამედ "ხარისხის კონტროლს".

1920 წელს, ამერიკელმა ფიზიკოსმა უალტერ შუხარტმა შემოიღო ხარისხის კონტროლის რუკები, ხოლო ედვარდ დემინგი პირველი იყო, რომელმაც წამოიწყო ხარისხის კონტროლის სტატისტიკური მეთოდების გამოყენება. იგი აგრეთვე ცნობილია PDCA ციკლის შემოღებით, რომელმაც მოგვიანებით ჰპოვა განვითარება და დღემდე ითვლება "ხარისხის მენეჯმენტის სისტემის" განუყოფელ ნაწილად.

უბრალო ინსპექტირებისაგან განსხვავებით, ხარისხის კონტროლი უფრო პრევენციული ხასიათისაა, რადგან იგი ხარისხის პრობლემების წყაროს ადრეული გამოვლენისა და აღმოფხვრის საშუალებას იძლევა.

ხარისხის უზრუნველყოფა

"ხარისხის უზრუნველყოფას" აქვს პრო-აქტიური მიდგომა პროცესებში ხარისხის კონტროლის დანერგვის დროს. აქცენტი კეთდება არათუ მიღებული პროდუქტის ხარისხზე, არამედ მისი "ხარისხისანად მიღების პროცესზე", ანუ „როგორ შეიძლება მივიღოთ ეს პროდუქტი სწორად“.

თავდაპირველად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ჩამოაყალიბა სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავდა მოთხოვნებს "ხარისხის უზრუნველყოფის" მიმართ. 1959 წელს მათ გამოაქვეყნეს MIL-Q-9858 სტანდარტი, რომელიც 1969 წელს განახლდა, როგორც NATO-ს AQAP სერიის სტანდარტები, ხოლო შემდეგ, როგორც BS 5179 სერიის სტანდარტები და გამოქვეყნდა 1974 წელს.

1979 წელს დიდი ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტმა (BSI) გამოსცა სტანდარტი „BS 5750-1:1979 ხარისხის სისტემები. სპეციფიკაციები დაპროექტების, წარმოების და ინსტალაციისთვის“. ეს სტანდარტი ორიენტირებული იყო წარმოებაზე და წარმოადგენდა პირველ სტანდარტს, რომელთან მიმართებით მოხდა ხარისხის სისტემის სერტიფიცირება მე-3 მხარის მიერ.

1987 წელს BS 5750-1:1979 სტანდარტმა განიცადა ევოლუცია და შემოღებულ იქნა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როგორც ისო 9000 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო მისი გამოყენების სფერო მცირედით გაფართოვდა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად - „ისო 9000:1987 სპეციფიკაციები დიზაინის/შემუშავების, წარმოების, ინსტალაციისა და მომსახურებისთვის“. ეს სტანდარტი დაიწერა არა მხოლოდ საწარმოებისათვის, არამედ ორგანიზაციების ფართო სპექტრისთვის გამოსაყენებლად და მოცემული იყო სამ ნაწილად:

  • ISO 9001:1987 Model for quality assurance in design, development, production, installation, and servicing - განკუთვნილი იმ ორგანიზაციებისთვის, რომელთა საქმიანობაც მოიცავდა ახალი პროდუქტების შექმნას.

  • .ISO 9002:1987 Model for quality assurance in production, installation, and servicing - ძირითადად მოიცავდა იგივე ინფორმაციას, რასაც ისო 9001 სტანდარტი, მაგრამ არ მოიცავდა ახალი პროდუქტების შემუშავებას;

  • ISO 9003:1987 Model for quality assurance in final inspection and test - მოიცავდა მხოლოდ დასრულებული პროდუქციის საბოლოო ინსპექტირებას და არ ეხებოდა წარმოების პროცესს.

მე-20 საუკუნის სამოცდაათიან წლებში უკვე ხარისხის კონტროლის და ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები დამკვიდრებული იყო მრავალ წამყვან ქვეყანაში, მათ შორის იაპონიაში, გერმანიაში, საბჭოთა კავშირში და სხვ.

PDCA ციკლი, როგორც "ხარისხის უზრუნველყოფის" ინსტრუმენტი

დემინგის Plan-Do-Check-Act (PDCA) ციკლი ხშირად გამოიყენება "ხარისხის უზრუნველყოფის" მოდელის ხელშესაწყობად. მაგალითად, თუ PDCA სტრუქტურას გამოიყენებთ სახლის აშენების დროს, ციკლის ეტაპები შემდეგნაირად ფორმულირდება:

Plan - რას გინდათ მიაღწიოთ და როგორ შეასრულებთ მას? მაგალითად, არქიტექტორების პროექტები, სპეციფიკაციები და პროექტის გეგმა სახლის ასაშენებლად.

Do - განახორციელეთ გეგმა - დაიწყეთ მასალების შეკვეთა, ადგილის მომზადება და მშენებლობა გეგმის მიხედვით.

Check - მონიტორინგი გაუწიეთ და შეამოწმეთ პროგრესი გეგმასთან მიმართებით, მაგალითად, ინსპექტირების, პროექტის მიმოხილვის, აუდიტების და მონიტორინგისა და გაზომვის სხვა საქმიანობების საშუალებით.

Act - იმოქმედეთ იმის მიხედვით, რაც შეგძინათ შემოწმების საქმიანობამ, რათა არ ჩამორჩეთ მოვლენებს და/ან საჭიროების შემთხვევაში შეასწორეთ გეგმა.

PDCA ციკლის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ინდივიდუალური პროცესისთვის ან მთლიანად ორგანიზაციისთვის, რომელიც შედგება მრავალი ურთიერთმოქმედი პროცესისაგან, თითოეული მათგანი მისი PDCA ციკლით.

ხარისხის მართვის სისტემა

1994 წელს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ გადასინჯა ისო 9000 სერიის სტანდარტები და გამოსცა მათი ახალი რედაქცია. 1994 წლის რედაქცია ცნობილია, როგორც ხარისხის მართვის სისტემის სტანდარტები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებდნენ პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფაზე პრევენციული ღონისძიებების გატარებით, განსხვავებით საბოლოო პროდუქციის შემოწმებისგან. იგი ორგანიზაციებისგან, აგრეთვე, მოითხოვდა დოკუმენტირებულ პროცედურებთან შესაბამისობას - აღიარებდნენ ხარისხის მართვას კონტროლის მეშვეობით, ვიდრე უზრუნველყოფის საშუალებით. ასეთი მოთხოვნებით ისო 9000 სერიის სტანდარტები ხდებოდნენ ბიუროკრატიულნი და ძნელად შესრულებადნი.

ხარისხის მენეჯმენტი

2000 წელს ისო 9000 სერიის სტანდარტების სამივე ნაწილი (ისო 9001, ისო 9002 და ისო 9003) გაერთიანდა ერთ სტანდარტში და გამოიცა, როგორც „ისო 9001:2000 ხარისხის მენეჯმენტის სისტემები - მოთხოვნები“. ამ დროს იგი პირველად გამოქვეყნდა სათაურით „ხარისხის მენეჯმენტის სისტემა“. ამავდროულად, გამოიცა სტანდარტი „ისო 9000:2000 ხარისხის მენეჯმენტის სისტემები. საფუძვლები და ლექსიკონი“, რომელიც განმარტავს "ხარისხის მენეჯმენტის სისტემას", როგორც „ხარისხთან მიმართებით ორგანიზაციის ხელმძღვანელობის და კონტროლის მენეჯმენტის სისტემას“, ხოლო ისო 9000:2015 სტანდარტის განახლებულ ვერსიაში იგი ახსნილია, როგორც „მენეჯმენტის სისტემის ნაწილი ხარისხთან მიმართებით.“

ეს წარმოადგენდა გადასვლას ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფიდან, რომელიც თავდაპირველად წარმოადგენდა "ხარისხის მართვის" საოპერაციო პროცესს, ხარისხის მენეჯმენტზე, გაცილებით უფრო გლობალურ მიდგომაზე, რომელიც მოიცავს ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემის ყველა ელემენტს.

2000 წლიდან, ისო 9001 სტანდარტი ეფუძნება PDCA ციკლს და დეტალურად აღწერს კონკრეტულ მოთხოვნებს, რათა ხელი შეუწყოს ორგანიზაციას PDCA ციკლის ცალკეულ ეტაპზე.

ორგანიზაციულ დონეზე, PDCA ციკლი სცდება მხოლოდ ხარისხის კონტროლს და უზრუნველყოფას და ხდება სისტემის მენეჯმენტის ინსტრუმენტი. ორგანიზაციულ დონეზე PDCA სისტემა შეიძლება მოიცავდეს:

Plan - ორგანიზაციის დანიშნულება და სტრატეგიული მიმართულება; განსაზღვრული ამოცანები და მიზნები; ამ ამოცანების მისაღწევად საჭირო მეთოდების, სტრუქტურების, სისტემების და პროცესების შემუშავება და დადგენა;

Do - საოპერაციო საქმიანობები - პროცესის დასასრული, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებს გარდაქმნის იმ პროდუქტად და მომსახურებად, რომელიც აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს;

Check - გაზომვის და მონიტორინგის ყველა საქმიანობა, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას თვალი ადევნოს დაგეგმილის შესრულებას და რომლის შესახებ ანგარიში წარედგინება უმაღლეს ხელმძღვანელობას;

Act - ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები და საქმიანობები ორგანიზაციის სამართავად, კურსის შესანარჩუნებლად და საქმიანობის გასაუმჯობესებლად.

"ხარისხის მართვის სისტემა" vs "ხარისხის მენეჯმენტის სისტემა"

ორგანიზაციის მთლიან მენეჯმენტში "ხარისხის მართვის სისტემა" შეიძლება განხილულ იქნას PDCA ციკლის Check“ ნაწილში. იგი მნიშვნელოვანია "ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემის" იმ ელემენტების ხარისხის უზრუნველსაყოფად, რომლებიც ქმნიან ფასეულობას და გავლენას ახდენენ მომხმარებლის და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებსა და მოლოდინზე.

განახლებული სტანდარტი ისო 9000:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემები. საფუძვლები და ლექსიკონისისტემას განმარტავს, როგორც „ურთიერთდაკავშირებული ან ურთიერთმოქმედი ელემენტების ერთობლიობას“. Oxford-ის ლექსიკონი მას განსაზღვრავს როგორც - „ერთად მომუშავე საგნების ერთობლიობა, როგორც მექანიზმის ნაწილები ან ურთიერთდაკავშირებული ქსელი (სტრუქტურა)“.

მენეჯმენტის სისტემებს გააჩნიათ უამრავი ურთიერთმოქმედი კომპონენტი, ყველა მათგანი ხასიათდება განსხვავებული და განსაკუთრებული ფუნქციით, თუმცა, თითოეულმა მათგანმა უნდა იმუშაოს ერთად, რათა მთლიანმა სისტემამ იფუნქციონიროს სათანადოდ. მაგალითად, თუ საბურავში ჰაერი დაბალ წნევაზეა ჩატვირთული, ეს იმოქმედებს საჭეზე, მანევრზე და საწვავის ხარჯზეც. აგრეთვე, მან შეიძლება დააზიანოს თვით საბურავი ან მასთან ასოცირებული სხვა ელემენტები, რომლებიც საბოლოოდ გამოიწვევს ავტომობილის, როგორც სისტემის, მტყუნებას.

მენეჯმენტის სისტემის დანიშნულებაა - მართოს სისტემის ყველა კომპონენტი იმგვარად, რომ სისტემის შედეგი იყოს ოპტიმიზირებული და შეძლოს მიაღწიოს მის დანიშნულებას.


ივანე დიდბერიძე

ISO 9001/ ISO 22000 წამყვანი აუდიტორი

LRQA's ტრენერი

    9240
    0