ნინო პეტრიაშვილი

fullDate

2020 წლისთვის სახელმწიფო კონტროლს ფიზიკური პირებიც დაექვემდებარებიან

ევროპის ფონდმა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2017 წელს სურსათის უვნებლობის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შეფასების ანგარიში წარადგინა

2018 წლის 14 სექტემბერს სასტუმრო ჰოლიდეი ინში "ევროპის ფონდის", "შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს" (Sida) და "დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" (Danida) დაფინანსებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ 2017 წელს სურსათის უვნებლობის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც "Imprescon Partners Caucasus"-მა ევროპის ფონდის დაკვეთით მოამზადა.

ანგარიშის პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა გატარებული რეფორმების დადებით და უარყოფით მხარეებზე და გაიცა რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის და საზოგადოების ცნობიერებასთან დაკავშირებით.

პრეზენტაციის განმავლობაში დადებითად შეფასდა მიკვლევადობა სურსათის მიწოდების ჯაჭვში, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბოლო წლებთან შედარებით. აქვე აღსანიშნავია, რომ ხორცის მიკვლევადობა უკეთესად არის დანერგილი ნებისმიერ სხვა წარმომავლობის პროდუქტთან შედარებით, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ 2017 წელს "ფორმა N2"-ის გარეშე გაყიდული ხორცის ფაქტების გამოვლენის რიცხვი 2016 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 1000-ზე მეტ მომხმარებელთან ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობის სურსათის უვნებლობის სისტემაზე მათი ინფორმირებულობა გაიზარდა 22%-დან (2013 წ.) 76%-მდე (2017 წ.). ასევე, აუცილებელ საკითხად იყო წარმოდგენილი ქვეყანაში რეფერენს ლაბორატორიების შექმნის აუცილებლობა და ახალი კერძო ლაბორატორიების შექმნის საჭიროება.

რეკომენდაციების ნაწილში კი გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლისთვის სახელმწიფო კონტროლს სურსათის უვნებლობის კუთხით დაექვემდებარებიან ფიზიკური პირებიც და შესაბამისად, განსახორციელებელი ინსპექტირებების სიხშირეც მკვეთრად მოიმატებს. სწორედ ამიტომ, მოხსენებისას განსაკუთრებულად აღინიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების არასაკმირისი რაოდენობა და მათი კომპეტენციის ამაღლების საჭიროება მდგრადი ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების დანერგვით, რაც გამომდინარეობს DCFTA-ის და ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებიდანაც. ამასთანავე, რეკომენდაციები გაიცა სათანადო ჯარიმების დადგენასთან დაკავშირებით, რათა აღმოიფხვრას ერთნაირი სტანდარტული ჯარიმების პრაქტიკა. საზოგადოების ცნობიერებასთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციებში კი, ყურადღება გამახვილდა მომხმარებლის ჩართვის აუცილებლობაზე სურსათის უვნებლობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობაში.

ISO Consulting - Professionals for professionals

    76
    0