ISO Consulting Blog

fullDate

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ISO 14091 სახელმძღვანელო

post.update-date

მსოფლიო იცვლება, ვითარდება, ვაღწევთ უფრო მაღალი განვითარების საფეხურებს, საოცარი სისწრაფით მიმდინარეობს ტექნოლოგიური პროგრესი, ვითარდება მეცნიერების სხვადასხვა დარგები, მოვიხმართ უფრო და უფრო მეტ რესურსს და ა.შ. ისააკ ნიუტონის მესამე კანონის მიხედვით, როდესაც ერთი სხეული რაიმე ძალით ზემოქმედებს მეორეზე, ის თავადაც განიცდის ზემოქმედებას მეორე სხეულისაგან იმავე სიდიდისა და საპირისპიროდ მიმართული ძალით. ანუ, მარტივი ენით რომ ვთქვათ: ნებისმიერი ქმედება იწვევს უკუქმედებას. აღნიშნულიო კანონი, ხატოვნად რომ ვთქვათ, ნამდვილად ცდება ფიზიკას და ჩვენს ყოველდღიურობაში მიზეზ-შედეგობრივი კანონის სახით გვევლინება. მაგალითად, რაც მეტ რესურსს მოვიხმართ, რაც მეტ წიაღისეულს მოვიპოვებთ, რათა განვითარდეთ და წინ წავიდეთ, მით უფრო მეტად ვაზიანებთ გარემოს, ეკოლოგიას, და იცვლება კლიმატიც. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც კლიმატის ცვლილებას გვერდს უბრალოდ ვერ ავუვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს შევწყვიტოთ განვითარება, რაც ცხადია ადამიანურ ბუნებასთან შეუთავსებელია. სად არის გამოსავალი?

სანამ კაცობრიობა იმაზე მსჯელობს, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეს კლიმატის ცვლილებას, პრობელმა კიდევ უფრო ღრმავდება. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ აშშ-ს ქალაქ ტეხასში ტემპერატურა რეკორდულად დაეცა, ზოგიერთმა ადგილობრივმა პირველად იხილა თოვლი და ყინულის შტორმი. მეტიც, ძალიან დაბალი ტემპერატურის გამო ელექტროენერგია შეუწყდა მილიონობით მოსახლეს, ასევე შეწყდა სასმელი წყალის მიწოდებაც. რამდენადაც ირონიულად არ უნდა ჟღერდეს ქალაქი ტეხასი, რომელსაც აშშ-ს ენერგეტიკულ დედაქალაქს უწოდებენ, სწორედ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, თანაც რამდენიმე დღით. ბუნებისთვის მსგავსი ირონია უცხო არ არის. მაგალითად, 2019 წელს ქალაქ ნიუ-ორკში გაეროს კლიმატის სამიტი გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ლიდერი დაესწრო. ლიდერებმა იმსჯელეს კლიმატის ცვლილების შემაჩერებელ სამოქმედო გეგმაზე. სამიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი ანტარქტიკის კონტინენტს 315 მილიარდი ტონის აისბერგი მოწყდა, რაც ნამდვილად საგანგაშო რიცხვია. ასევე, საგანგაშოა მსოფლიო ოკეანის წყლის დონის ზრდის ტემპი, რაც დედამიწის პოლუსებზე ყინულის დნობის შედეგია. თუ ყინულის დნობა ასეთი ტემპით გაგრძელდა, რამდენიმე ათეულ წელიწადში მალდივის კუნძულები წყალქვეშ აღმოჩნდება, ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება ზღვისპირა არსებულ უამრავ დასახლებას.

გლობალური დათბობა ნიშნავს დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის თანდათანობით ზრდას. ეს პროცესი XVIII საუკუნის ბოლოდან დაიწყო, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი უფრო გაძლიერდა. წლიდან წლამდე ყინულის ლღობის გამო მსოფლიო ოკეანეში იზრდება წყლის დონე და დატბორვა ემუქრება მრავალ ქვეყანასა თუ ცნობილ ქალაქს. ე.წ. "სათბური გაზების" (ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი) დიდი ოდენობით გაფრქვევა (ემისია) აჩქარებს ამ პროცესს და შედეგიც სახეზეა: 2019 წელი მსოფლიო ისტორიაში ანომალიურად ცხელი ზაფხულის სტატუსით შევიდა.

*სკულპტურა ფრანგულ ქალაქ ნანტში სახელწოდებით: "პოლიტიკოსები მსჯელობენ გლობალურ დათბობის შესახებ"

ყოველივე აქედან გამომდინარე, მსოფლიოს მოცდის დრო არ აქვს და აუცილებელია დროული ქმედება, სანამ კლიმატური ცვლილებები კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემად არ გადაიქცევა. საბედნიეროდ, აღნიშნულ საკითხე მრავალი ორგანიზაცია, მათ შორის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც მუშაობს, რომელსაც ამ მხრივ მრავალი სტანდარტი აქვს შემუშავებული. მათ შორისაა ISO 14091, რომელის დახმარებითაც ორგანიზაციებს შეეძლებათ კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირდნენ, ისე რომ არ მიიღონ მნიშვნელოვანი ზიანი. ამავე დროს, სტანდარტი იმდაგვარადაა შემუშავებული, რომ ზუსტ შესაბამისობაში მოდის ნებისმიერი ტიპისა თუ ზომის ორგანიზაციასთან. ასევე, შესაძლებელია არამხოლოდ ამჟამინდელ, არამედ ისეთი კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია, რომელიც შესაძლოა მომავალში მოხდეს.

როგორც უკვე ვახსენეთ, ადამიანი ყოველდღიურად ზემოქმედებს გარემოზე და ეს ზემოქმედება განპირობებულია მრავალი ისეთი საციცოცხლო რესურსის მოპოვებით, როგორიცაა ელექტროენერგია, ნავთობი და ა.შ. შესაბამისად, კლიმატური ცვლილებების ბოლომდე შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი ამოცანაა. თუმცა გვაქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად შევზღუდოთ კლიმატის ცვლილების მასშტაბი და მის მიერ მიყენებული შესაძლო ზარალი, რის საშუალებასაც ISO 14091 სტანდარტი გვაძლევს.

ISO 14091 სტანდარტი შემუშავებულია საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 207/SC 7 კომიტეტის მიერ, რომელსაც არსებობის ისტორიაში 11 საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო ამჟამად 7 ახალ სტანდარტზე მუშაობს.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    53
    0