ISO Consulting Blog

fullDate

როგორ გახდა დანია მსოფლიოში ყველაზე მწვანე ქვეყანა?

post.update-date

დღევანდელ მსოფლიოში სიღარიბე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, უამრავი ადამიანი სიღარიბის ზღვარზე ან ამ ზღვრის ქვემოთ ცხოვრობს. განსაკუთრებით რთულია სიტუცია აფრიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში. შესაბამისად, ღარიბი ქყეყნების მთავრობებს უწევთ თვალი დახუჭონ ეკოლოგიურ პრობლემებზე და ეკონომიკურ ზრდაზე გაამახვილონ ყურადღება. ყოველივე ეს კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს პლანეტის ეკოლოგიას, რომლის შედეგებსაც უკვე ვხედავთ: სწრაფი ტემპით მიმდინარეობს პოლუსებზე ყინულის დნობისა და მსოფლიო ოკეანეში წყლის დონის ზრდის ტემპი. უკვე გაქრა ან ზომაში მნიშვნელოვნად შემცირდა მრავალი მყინვარი, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა იმ მხრივ, რომ მყინვარები მრავალი დიდი მდინარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მასაზრდოებელია. ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემაა ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბიძნურება, გლობალური დათბობა და ა.შ. თუმცა, არსებობენ ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებასა და ეკოლოგიაში ოქროს შუალედის პოვნას ახერხებენ და ეს იმდენად შთამბეჭდავად გამოსდით, რომ გვარწმუნებენ მომავალი, მდგრადი და განვითარებული, მსოფლიოს შექმნის შესაძლებლობაში. ყოველივე აქედან გამომდინარე, საინტერესოა რამდენად შესაძლებელია ყოველივე ეს და რა როლი აქვს ამ ყველაფერში საერთაშორისო სტანდარტებს?

მანამ, სანამ ამ სტატიას წაიკითხავთ, რომლისთვისაც დაგჭირდებათ დაახლოებით 4 წუთი, მსოფლიოს მასშტაბით გაიჩეხება 40 ჰექტარი ტყე, რაც დაახლოებით 56 საფეხბურთო სტადიონის ხელა ტერიტორიაა (უახლესი სტატისტიკის მიხედვით, ყოველ წუთას მსოფლიოში საშუალოდ იჩეხება დაახლოებით 10 ჰექტარი ტყე, რაც 0,1 კვადრატული კილომეტრია. თუ ამ სტატისტიკას წლიურ მასშტაბში გადავიყვანთ, მარტივად აღმოვაჩენთ, რომ 1 წლის განმავლობაში მსოფლიო კარგავს დაახლოებით 52 ათას კვადრატულ კილომეტრ ტყის საფარს, რაც საქართველოს მთლიანი ფართობის 75%-ზე მეტია. ამ თემაზე მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 2020 წლის კვლევას). გარდა ამისა, დროის ამ მონაკვეთში გარემოში გამოიფრქვევა 76 ტონა ტოქსიკური ქიმიური ნარჩენი, ხოლო დაახლოებით 96 ჰექტარი ფართობის მქონდე ნიადაგი გამოიფიტება, რაც შეუძლებელს გახდის მასზე სასოფლო სამეურნეო სამუშაოების განხორციელებას. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სამწუხარო მოვლენებისა, რომელიც მთელ მსოფლიოში ყოველწამიერად მიმდინარეობს და ტემპი მოსახლეობის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო ჩქარდება.

ყოველივე აქედან გამომდინარე, შანსი იმისა რომ სულ მალე დიდი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დავდგეთ, რომელიც არამარტო ჩვენი, თითქმის ყველა ცოცხალ არსებათა სახეობებს შეეხება, ძალიან მაღალია და რაც დრო გადის ამ შემზარავ რეალობას კიდევ უფრო ვუახლოვდებით. სწორედ აქ გამოიცდება კაცობრიობა, სწორედ ესაა ჩვენი ტესტი, რომელიც განსაზღვრავს არის თუ არა ადამიანთა ცივილიზაცია ღირსი იმისა, რომ იარსებოს, იყო თუ არა სწორი გადაწყვეტილება, როდესაც გამოვედით გამოქვაბულებიდან და მონადირე შემგროვებლურ ცხოვრების წესიდან, სასოფლო სამეურნეო ცხოვრების წესზე გადმოვერთვეთ, იქნებ არც არასდროს არ უნდა აგვეხედა მაღლა, ვარსკვლავებისკენ და არასდროს არ უნდა დაგვეწყო ოცნება? შეიძლება ეს კითხვები უტრირებულად მოგეჩვენოთ და შეიძლება მართალიც იყოთ, მაგრამ ეს ფაქტი ხომ ვერ გამოასწორებს იმ ეკოლოგიურ დანაშაულებს, რასაც კაცობრიობა ყოველდღიურად სჩადის? ჩვენ ხომ მაინც ისეთივე კონსუმერისტები დავრჩებით, როგორებიც აქამდე ვიყავით?

კაცობრიობამ არსებობის ისტორიაში მრავალ ქარტეხილს გაუძლო და არც ამ გამოწვევის უნდა შეგვეშინდეს, რადგან თუ გავერთიანდებით, საერთო ძალით აუცილებლად გავცემთ ყველა გამოწვევას შესაბამის პასუხს. ამასთან, უკვე არსებობს ისეთი უამრავი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად მუშაობს ეკოლოგიური პრობლემების მიმართულებით. ასევე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1 წლის განმავლობაში ირგვება დაახლოებით 1.9 მილიარდი ხე (წამში დაახლოებით 60). თუ ჩავთვლით, რომ 1 კვადრატულ კილომეტრზე 60 ათასი მცენარე ეტევა, მაშინ გამოდის, რომ წლის განმავლობაში დაახლოებით 31 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი მწვანდება. (მიახლოებითი გათვლებით, ტყეში ხეების სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე მერყეობს 50 ათასიდან - 100 ათასამდე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გამწვანების დროს ხეებს შორის დაშორებას, შეგვიძლია მივიჩნიოთ რომ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 60 ათასი ხე დაეტევა).

გამწვანების აქციაში ჩართვა თითოულ ჩვენგან შეუძლია, სახლიდან გაუსვლელადაც კი! არსებობს უამრავი კომპანია, რომელიც საკუთარი საიტიდან მომხმარებლებს სთავაზობს 1 დოლარის დონაციის სანაცვლოდ 1 ხის დარგვას, მსოფლიოს რომელიმე წერტილში. თუ ყოველთვიურად ამ საქმისთვის 10 დოლარს გამოყოფთ, მაშინ ერთი წლის შემდეგ 2 ათას კვადრატულ მეტრზე 120 ხე დაირგვება. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთი ადამიანს შეუძლია, მაგრამ თუ გავერთიანდებით, თავისუფლად შეგვეძლება გამწვანების აქციები გაცილებით მასშტაბური გახდეს და ტყის გაჩეხვის ტემპსაც კი გადაასწროს.

*ერთი წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში დაახლოებით 1.9 მილიარდი ხე ირგვება

გარდა გამწვანების აქციებისა, არსებობს უამრავი საშუალება, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია გავუფრთხილდეთ ეკოლოგიას ეკონომიკის დაზიანების გარეშე. განვიხილოთ დანიის მაგალითი, რომელიც გარემოსდაცვითი საქმიანობის შედეგიანობის ინდექსის (Environmental performance index) შკალაზე 180 ქვეყნიდან პირველ ადგილს იკავებს. ამ შთამბეჭდავი შედეგის მისაღწევად ჩრდილოევროპულმა ქვეყანამ დიდი შრომა გასწია. დანია აქტიურად იყენებს განახლებადი, მწვანე ენერგიის წყაროებს. მაგალითად, წარმოებული ელექტროენერგიის 50% ქარის ენერგიაზე მოდის. გარდა ამისა, წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დანიის სტანდარტიზაციის ეროვნულ ორგანიზაციას, რომელიც დაარსების დღიდან ცდილობს საკუთარი შემუშავებული სტანდარტებით ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას, გარემოს დაზიანების გარეშე. ამ ყველაფერმა კი ქვეყანას დიდი წარმატება მოუტანა. ამავე დროს, გაიზარდა მოსახლეობის ცნობიერების დონე, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გლობალური დათბობა, ეკოლოგიური პრობლემები და მათი გავლენა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ, დანიელების უმეტესობა ძალიან იშვიათად იყენებს საკუთარ ავტომობილს გადაადგილებისთვის და უმეტესად სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ველოსიპედებით. დანიაში სამსახურში საკუთარი ველოსიპედით მისვლა ჩვეულებრივი მოვლენაა, მათ შორის სახელმწიფო მოხელეებისთვის და პარლამენტარებისთვისაც კი.

*სურათზე: ველოსიპედების პარკინგი დანიაში, ერთ-ერთი საჯარო უწყების ეზოში.

დანიის სტანდარტიზაციის ორგანოს აღმასრულებელი მენეჯერის, Anne Hasløv-ის განცხადებით, სტანდარტების როლი დანიის განვითარებაში უდიდესია და ეს როლი 2025 წლისთვის კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, დანიის სტანდარტიზაციის ორგანო აქტიურად თანამშრომლობს დანიის მთავრობასთან და ერთობლივად მუშაობენ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა: წრიული ეკონომიკა (circular economy), მდგრადი ციფრული ეკონომიკა და ა.შ.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია წრიული ეკონომიკა, რომელიც ჩვეულებრივი სწორხაზოანი ეკონომიკისგან განსხვავებით დიდ ბენეფიტებს სთავაზობს მსოფლიოს. მაგალითად, თუ სწორხაზოვანი ეკონომიკა გულისხმობს შემდეგ ციკლებს:

თავის მხრივ, წრიული ეკონომიკა კი შემდეგ ციკლებს გულისხმობს:


 
როგორც გრაფიკებიდან ვხედავთ, წრიული ეკონომიკის დახმარებით შესაძლებელია რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, ზედმეტი ნარჩენებისა და გარემოს დაბინძურების პრევენცია, რაც ჩვენი ცხოვრების სტანდარტებს მნიშვნელოვნად აამაღლებს.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საერთაშორისო სტანდარტები დიდ როლს თამაშობს მსოფლიოს მდგრად განვითარებაში, რომლის წყალობითაც შესაძლებელია განვითარდეთ ეკონომიკურად იმდაგვარად, რომ გარემოს არ მივაყენოთ მნოიშვნელოვანი ზიანი, მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ რესურსები და ვაქციოთ მსოფლიო უკეთეს საცხოვრებელ ადგილად. ამ ყველაფრის კარგი მაგალითია დანია, რომელიც ლიდერია გარემოსდაცვითი საქმიანობის შედეგიანობის ინდექსის მიხედვით და დღემდე ამაყად ინარჩუნებს მსოფლიოში ყველაზე უფრო მწვანე ქვეყნის სტატუსს.


ISO Consulting - Professionals for professionals

    144
    0