ISO Consulting Blog

fullDate

ცირკულარული ეკონომიკა - ახალი მიდგომები მსოფლიოს ეკონომიკურ სისტემაში

post.update-date

სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, სავსეა ცირკულარული კანონებით. მაგალითად, ავიღოთ საშუალო ზომის ვარსკვლავი, რომლის სასიცოცხლო ციკლი რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში გრძელდება. მისი ენერგიის წყარო ბირთული სინთეზია - თავდაპირველად წყალბადის მოლეკულები გარდაიქმნებიან ჰელიუმის მოლეკულებად, რა დროსაც თავისუფლდება უზარმაზარი ენერგია, რასაც ჩვენ მზის სინათლისა და სითბოს სახით ვხედავთ. მას შემდეგ რაც ვარსკვლავი ამოწურავს წყალბადის რეზერვს, ზომაში იზრდება და იწყებს ჰელიუმის გარდაქმნას ჟანგბადად და ნახშიბადად. გიგანტურ ვარსკვლავებს შეუძლიათ ენერგიის წყაროდ ჟანგბადის გამოყენება, რა დროსაც ის ნეონად გარდაიქმნება, ნეონი - სილიციუმად, ხოლო შემდეგ სილიციუმი გარდაიქმნება რკინად. რკინის ბირთული სინთეზი რაიმე სხვა სახის ქიმიურ ელემენტად ვეღარ ხდება, რა დროსაც ვარსკვლავი ასრულებს სასიცოცხლო ციკლს, ირღვევა წონასწორობა და ხდება მასიური აფეთქება, რა დროსაც კოსმოსის უსასრულო სივრცეში გამოიტყორცნება უზარმაზარი რაოდენობის ქიმიური ელემენტი, რომლებიც ბირთული სინთეზისა და აფეთქების დროს წარმოიქმნა. სწორედ ასე იქმნება ნისლეულები, რომლის წიაღშიც გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა ახალი ვარსკვლავი დაიბადოს და ასე უსასრულოდ. ვარსკვლავი უკან უბრუნებს სამყაროს ყველა იმ ნედლეულს, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მოიხმარა ან აწარმოა. ასე რომ, სამყაროში არაფერი იკარგება, ყველაფერს გარკვეული დროის მერე ახალი როლი ენიჭება. მაგალითად, რამდენადაც საოცრად არ უნდა ჟღერდეს, ჩვენს ორგანიზმში არსებული ზოგიერთი ქიმიური ელემენტი, როგორებიცაა რკინა, კალციუმი, ფოსფორი და სხვანი თავის დროზე ვარსკვლავის გულში ბირთული სინთეზის დროს წარმოიქმნა.

როგორც უკვე მივხდით, კოსმოსში არ არსებობს "ნაგავსაყრელი", სადაც უკვე გამოყენებული ნედლეული იყრის თავს. ყველაფერს ენიჭება ახალი როლი, სამყარო მათ ახალ დანიშნულებას უძებნის. თუ კოსმოსიდან დედამიწაზე გადმოვინაცვლებთ აღმოვაჩენთ, რომ ადამიანები ყოველწლიურად დაახლოებით 100 მილიარდ ტონა ნედლეულს იყენებენ სხვადასხვა მიზნებისთვის, საიდანაც 90% ნაგავსაყრელზე ხვდება. ალბათ ხშირად გვქონია შემთხვევა, როდესაც რაიმე ნივთი დაზიანდება ან გაფუჭდება პირდაპირ ნაგვის ურნაში გადავუძახებთ ხოლმე, თითქოს მან დანიშნულება უკვე ამოწურა და არავის არაფერში აღარ დასჭირდება. სინამდვილეში, მას ღირებულება კვლავ გააჩნია, მიუხედავად იმისა რომ დაზიანებულია. ღირებულება შეიძლება ჰქონდეს ნედლეულს, რომელიც გამოყენებულია ნივთის დამზადებისას, ასევე შესაძლოა მოხდეს მისი შეკეთება და კვლავ გამოყენება და ა.შ.

დღევანდელი ეკონომიკური წყობა, რომელიც დომინირებს მსოფლიოში ხაზოვანია. ის შეიძლება შემდეგნაირად გამოიხატოს: მოიპოვე, აწარმოე, მოიხმარე და გადააგდე. ცირკულარული ეკონომიკური წყობა კი გვაძლევს საშუალებას ნივთის გადაგდების ნაცვლად გადავამუშაოთ და ახალი გამოყენება მოვუძებნოთ - ზუსტად ისე, როგორც ამას სამყარო გვასწავლის. ცირკულარული ეკონომიკის მთავარი მიზანი ნარჩენების ნაგავსაყრელზე მოხვედრის აღმოფხვრა და უკვე მოხმარებული ნედლეულის ხელახლა გამოყენებაა. მაგალითად, პლასტმასას ნარჩენების, მაკულატურის გადამუშავება და ხელახლა გამოყენება, ნარჩენებისგან ელექტროენერგიის გამომუშავება და ა.შ. ეს ყველაფერი კი მნიშნელოვნად დაგვეხმარება მივაღწიოთ მდგრად განვითარებას, შევამციროთ გარემოზე მავნე ზემოქმედების ხარისხი და გადავარჩინოთ პლანეტის ეკოლოგია, რაც ასე მნიშვნელოვანია კაცობრიობის მომავლისთვის.

ცირკულარული ეკონომიკის მიდგომები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მრავალი ქვეყანა ცდილობს შეამციროს ნარჩენების დონე და მოახდინოს მისი გადამუშავება. მაგალითად ჰოლანდიის მთავრობის განცხადებით, მათი მიზანია 2030 წლისთვის მოახდინონ ნარჩენების დაახლოებით 50%-ის, ხოლო 2050 წლისთვის 100%-ის გადამუშავება, რაც მათ აქცევს პირველ ქვეყნად, რომელსაც არ ექნება ნაგავსაყრელები და ყველა ნარჩენს ახალ გამოყენებას მოუძებნის, რაც საკმაოდ ამბიციური გეგმაა. მსგავსად ფიქრობს ევროკავშირიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ცირკულარული ეკონომიკა მომავლის მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი "საშენი ბლოკია". მეტიც, ევროგაერთიანებამ უკვე შეიმუშავა "ცირკულარული ეკონომიკის სამოქმედო გეგმა". სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც დიდ ყურადღებას ამახვილებს ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობაზე, რის გამოც შეიქმნა საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპექტებული ტექნიკური კომიტეტი, რომელიც უკვე მუშაობს ახალ ISO სტანდარტებზე, რომელიც დაეხმარება მსოფლიოს რაც შეიძლება მალე გადავიდეს ცირკულარული ეკონომიკური წყობის რელსებზე.

მსოფლიოს განვითარებასთან ერთად, იქმნება ახალი გამოწვევები, რომელთა დასაძლევადაც აუცილებელია ვიაზროვნოთ განსხვავებულად, დავნერგოთ ახალი მიდგომები. ცირკულარული ეკონომიკური მოდელი კი სწორედ ასეთია. მას შეუძლია მრავალ გამოწვევას ერთდროულად უპასუხოს და დაგვეხმაროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    55
    0