ISO სტანდარტები მსოფლიოში შიმშილის დასამარცხებლად
2015 წელს მსოფლიოს 193 ქვეყანა ახალ გლობალურ დღის წესრიგზე შეთანხმდა, რომლის მიზანიც მდგრადი განვითარების გზით კაცობრიობის წინაშე არსებული სხვდასხვა დიდი გამოწვევის დამარცხებაა. ეს ამბიციური გეგმა შეიცავს 17 მიზანსა და 169 ამოცანას. ერთ-ერთი ამოცანა კი მსოფლიოში შიმშილის დამარცხებაა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სწრაფი ტემპით იმატებს მსოფლიო მოსახლეობა და ამავე დროს საკვები პროდუქტების მოხმარების დონე, მსოფლიოში შიმშილის დამარცხება საკმაოდ რთული ამოცანა უნდა იყოს.
უახლესი მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 795 მილიან ადამიანს არ აქვს საკმარისი საკვები ყოველდღიურად, ანუ დედამიწაზე ყოველი მეცხრე ადამიანს შიმშილი უწევს. ასევე ყოველწიურად 3 მილიონზე მეტი 5 წლამდე ბავშვი იღუპება ამავე პრობლემის გამო. ამ საგანგაშო სტატისტიკიდან გამომდინარე, გაერომ 2015 წელს მიიღო ახალი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის ეს სავალალო რიცხვები მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს.
პრობლემაზე აქტიურად მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელმაც უკვე შეიმუშავა პროგრამა, თუ როგორ უნდა მივაწოდოთ საკმარისი რაოდენობის საკვები რესურსი მსოფლიოს 2050 წლისთვის. ასევე ორგანიზაცია მუშაობს ფერმერთა პროფესიონალიზმის გაზრდაზე. მაგალითად, წინა წლის ნოემბერში, ნიდერლანდებში ჩატარდა 29 ვორქშოფი ამ თემასთან დაკავშირებით. ISO-მ ასევე შეადგინა პროფესიონალ ფერმერთა ორგანიზაციების სახელმძღვანელო, რომლის მიზანია ფერმერთა წარმოების ზრდა, ფინანსური მენეჯმენტის დახვეწა, გაყიდვებისა და მარკეტინგის სწორად განხორციელება და მრავალი სხვა. ასევე დოკუმენტი შესაბამისობაში მოდის ნებისმიერი ზომის ფერმასთან. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოს საკვებით მომარაგების დიდი ნაწილი ფერმების საშუალებით ხდება, მათი პროფესიონალიზმის ზრდა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მსოფლიოში შიმშილის დამარცხების გზაზე.
ორგანიზაცია ასევე მუშაობს სურსათის უვნებლობის ზრდაზე, რადგან სანამ სურსათი თქვენს სუფრაზე აღმოჩნდება, ის სასურსათო ჯაჭვის გრძელ გზას გადის, რა დროსაც შესაძლოა მოხდეს მისი დაბინძურება ან შენახვის პირობების დარღვევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით (WHO), მსოფლიოში ყოველწლიურად 10 ადამიანიდან 1 სურსათისმიერი დაავადებით ავადდება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს უვნებელი სურსათის მიწოდებას და ამ საგანგაშო სტატისტიკის მინიმუმამდე დაყვანას. ამ მიზნით შემუშავდა მთელი რიგი სტანდარტები. მათ შორისაა:
ISO/TS 22002-1, სურსათის უვნებლობის წინასწარი პროგრამები - ნაწილი 1: სურსათის წარმოება.
ISO/TS 22002-2, სურსათის უვნებლობის წინასწარი პროგრამები - ნაწილი 2: საზოგადოებრივი კვება.
ISO/TS 22002-3, სურსათის უვნებლობის წინასწარი პროგრამები - ნაწილი 3: ფერმერული მეურნეობა.
ISO/TS 22002-4, სურსათის უვნებლობის წინასწარი პროგრამები - ნაწილი 4: სურსათის შესაფუთი მასალების წარმოება.
ISO/TS 22002-5, სურსათის უვნებლობის წინასწარი პროგრამები - ნაწილი 5, ტრანსპორტირება და შენახვა.
ISO/TS 22002-6, სურსათის უვნებლობის წინასწარი პროგრამები - ნაწილი 6: შინაური ბინადარი ცხოველის საკვების და ცხოველთა საკვების წარმოება.
საბოლოო ჯამში, მსოფლიო ჩართულობით, შესაბამისი სტანდარტების დანერგვითა და ერთიანი ძალისხმევით, მსოფლიოში შიმშილის დამარცხება რთული, მაგრამ შესაძლებელი ამოცანაა.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Comments