ბლოკჩეინის მნიშვნელობა და ISO-ს ახალი კომიტეტი
ბოლო წლების განმავლობაში შეუძლებელია თითიულ ჩვენგანს ერთხელ მაინც არ შეხვედროდა ინფორმაცია ბლოკჩეინის შესახებ. მსოფლიოს განვითარებასთან ერთად წინ მიდის ტექნოლოგიები, იქმნება ახალი ინოვაციები და ბლოკჩეინიც სწორედ ამ განვითარების შედეგია, რომელიც კაცობრიობას სთავაზობს ისეთ შესაძლებლობებს, როგორსაც აქამდე ვერც კი წარმოვიდგენდით. თუმცა, საინტერესოა მაინც რა არის ბლოკჩეინი, როგორ მუშაობს და რა შესაძლებლობებს გვთავაზობს.
რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შემქნელის ზუსტი ვინაობა ამ დრომდე უცნობია. თუმცა, მის შექმნას უკავშირებენ სატოში ნაკამოტოს (Satoshi Nakamoto) ფსევდონიმს ამოფარებულ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს. აღნიშნული ტექნოლოგია 2008 წელს შეიქმნა და ინოვაციურობის წყალობით თავიდანვე მიიქცია მსოფლიოს ყურადღება. იმის გასაგებად, თუ რას გულისხმობს ბლოკჩეინ ტექნოლოგია, მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი: წარმოიდგინეთ, რომ თქვენ და თქვენს ბიზნეს პარტნიორს გაქვთ ფულის ისეთი ერთეული, რომელსაც არ აქვს არც ფიზიკური ფორმა და არც სადმე რაიმე ანგარიშზე ინახება - კრიპტოვალუტა. ვთქვათ, თქვენმა ბიზნეს პარტნიორმა თქვენგან შეიძინა რაიმე საქონელი. აღნიშნულ ფულად ტრანზაქციას უკვე აღარ სჭირდება არავითარი ქვითარი, ნოტარიულად დამოწმება ან ხელშეკრულების გაფორმება, რადგან ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით ტრანზაქციის ისტორია ქრონოლოგიურად უკვე ასახულია სისტემაში. ეს არის ყველაზე უფრო მარტივი მაგალითი, რომელიც წარმოაჩენს ამ ტექნოლოგიის უპირატესობებს და როგორც უკვე მიხვდით, ბლოკჩეინი საინფორმაციო პროცესების წარმართვის ახალ და ინოვაციურ შესაძლებლობას იძლევა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად დააჩქაროს სავაჭრო ოპერაციები, რაც მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ტრანზაქციების ისტორიისა, ბლოკჩეინში შეგიძლიათ შეინახოთ ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, მაგალითად თქვენი სამედიცინო ისტორია, პირადი მონაცემები და ა.შ.
სახელიდან გამომდინარე, ბლოკჩეინი - ბლოკების ჯაჭვს ნიშნავს. მართლაც, ინფორმაცია ინახება ბლოკებში, რომელსაც აქვს საკუთარი უნიკალური "თითის ანაბეჭდი" - ჰეში, რომელიც თითოული ინფორმაციისთვის უნიკალურია. მაგალითად, თითოულ ბლოკში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია მთლიანად გარდაიქმნება ჰეშად და თუ ამ ინფორმაციიდან ამოვაგდებთ თუნდაც ერთ ასობგერას, ჰეშის კონფიგურაცია მთლიანად იცვლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია თაღლითობის ნებისმიერი მცდელობა, რადგან ნებისმიერ დროს შეგვეძლება შევადაროთ ერთმანეთს "თითის ანაბეჭდები". ასევე, თითოულ ბლოკს გააჩნია მეხსიერების განსაზღვრული დონე. როდესაც ის შეივსება წარმოიქმნება ახალი ბლოკი, რომელსაც ექნება საკუთარი ჰეში, წინა ბლოკის ჰეშის მონაცემები და დროის ბეჭედი. სწორედ ეს მონაცემები უზრუნველყოფს თითოული ბლოკის ქრონოლოგიურად დალაგებას და შესაბამისად დაკავშირებას - სწორედ ასე წარმოიქმნება ინფორმაციით სავსე ბლოკების ჯაჭვი ანუ ბლოკჩეინი. თუ რომელიმე ბლოკში არსებული ინფორმაცია გაყალბდა (ინფორმაცია შეიცვალა) მაშინ ირღვევა მთლიანი ჯაჭვი, რადგან იცვლება იმ ბლოკის ჰეში, სადაც ინფორმაცია გაყალბდა და ვეღარ უკავშირდება შემდეგ ბლოკს, რომელიც შეიცავდა წინა ბლოკის ძველ ჰეშს. აქედან გამომდინარე, იქმნება თაღლითობისგან თუ გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული ინფორმაციული სისტემა, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს ნებისმიერი სპეკულაციის შესაძლებლობას.
რაც შეეხება კრიპტოვალუტას, რომელმაც უკანასკნელი რამდენიმე წელია მთელი მსოფლიო მოიცვა, წარმოადგენს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საფუძველზე მომუშავე ანგარიშგასწორების სისტემას. კრტიპტოვალუტის მიღება ორი მეთოდითაა შესაძლებელი ვაჭრობით ან მოპოვებით (მაინინგით). ვაჭრობისთვის არსებობს ონლაინ პლატფორმები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია კრიპტოვალურის შეძენა. რაც შეეხება მაინინგს, არსებობს სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც უზრუნველყოფენ კრიპტოვალუტის მოპოვებას. კრიპტოვალუტაში დროული ინვესტიციით მრავალი ადამიანი გახდა უზარმაზარი ქონების პატრონი. პირველი კრიპტო მილიარდელები კი გახდნენ ამერიკელი ტყუპი ძმები ვინკლოვსები, რომლებმაც მსოფლიოს თავი მანამდე სხვა ისტორიებითაც დაამახსოვრეს. მაგალითად, ჰარვარდში სწავლის დროს, მათ ბრალი დასდეს მარკ ცუკენბერგს მათი იდეის მოპარვისთვის და "ფეისბუქის" შექმნისთვის, რისთვისაც სოლიდური კომპენსაცია - 60 მილიონი ამერიკული დოლარიც მიიღეს. მეტიც, მათი სპორტული კარიერაც შთამბეჭდავად გამოიყურება, რადგან ორივე ძმა პროფესიონალი ნიჩბოსანია და მონაწილეობა აქვთ მიღებული მსოფლიო ოლიმპიადაშიც კი.
*ფოტოზე: კამერონ და ტაილერ ვინკლოვსები (ფოტოს წყარო: TIME)
როგორც უკვე ვახსენეთ, ბლოკჩეინს უდიდესი შესაძლებლობები გააჩნია და აქვს რეალური პოტენციალი იმისა, რომ მთლიანად შეცვალოს მსოფლიო უკეთესობისკენ, ინფორმაცია გახადოს გაცილებით უფრო დაცული და საფუძველი დაუდოს ახალ სხვა ინოვაციებს. სწორედ ამიტომ, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის ISO/TC 307 ტექნიკური კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელია ბლოკჩეინის მიმართულებაზე და მუშაობს ისეთ სტანდარტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული ტექნოლოგიის კიდევ უფრო გავრცელებას და განვითარებას. აღნიშნული კომიტეტი დაკომპლექტებულია პროფესიონალების მიერ და არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს 4 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 11 ახალ სტანდარტზე მუშაობს.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Comments