დისტანციური სწავლება და ახალი ISO სტანდარტი
2020 წელმა მრავალი რამით დაგვამახსოვრა თავი. მათ შორის ერთ-ერთი დისტანციური სწავლებაა. კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კომენდანტის საათი და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა, რის გამოც მრავალმა ორგანიზაციამ დროებით შეაჩერა ფუნქციონირება ან გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. გამონაკლისი არც საგანმანათლებლო ორგანიზაციები იყვნენ: მათი უმეტესობა იძულებული გახდა გადასულიყო სწავლების დისტანციურ ფორმაზე. მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მოსწავლე და სტუნდენტი თვეების განამვლობაში განათლებას ონლაინ ლექციებისა თუ გაკვეთილების მეშვეობით იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო და ყოველდღიურად დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი იკეთებს ვაქცინას, პანდემია ჯერ არსად წასულა და ისევ ჩვენს გვერდით ცხოვრობს. თითქოს ვირუსმა ჩვენს ყოველდღიურობაში დაიდო ბინა და ჯერ არ ჩქარობს არსად წასვლას. აქედან გამომდინარე, ონლაინ სწვალებას ჯერ არ დაუკარგავს აქტუალობა და დიდი ალბათობით ვირუსის დამარცხების შემდეგაც არ დაკარგავს პოპულარობას, რადგან კაცობრიობამ დაინახა თუ რამხელა შესაძლებლობები აქვს სწავლების ასეთ ფორმას. ყოველივე აქედან გამომდინარე, აუცილებელია არსებობდეს ისეთი ინსტრუმენტები, რომელის დახმარებითაც დისტანციური სწავლების ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
როგორც უკვე ვახსენეთ, დიდი ალბათობა იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის დამარცხების შემდეგაც სწავლების დისტანციურმა ფორმამ არ დაკარგოს აქტუალობა. ამას მრავალი მიზეზი აქვს. პირველ რიგში ის, რომ კაცობრიობამ კარგად დაინახა შემდეგი: ონლაინ სწავლების მეთოდი გვთავაზობს ახალ შესაძლებლობებს და მას დიდი პოტენციალი გააჩნია. მაგალითად, მსოფლიოში მრავალი ბავშვი რჩება განათლების გარეშე, რადგან ცხოვრობს ისეთ ადგილას, საიდანაც სკოლა საკმაოდ შორსაა, ან ზამთრის დადგომასთან ერთად, თივლის გამო მნიშვნელოვნად რთულდება სკოლამდე მისვლა. ასეთ პრობლემებს უმეტესად მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვები აწყდებიან. ზოგიერთი ბავშვი ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ადრეულ ასაკშივე იწყებს მუშაობას და სკოლაში სიარულისთვის არ რჩება საკმარისი დრო. დისტანციური სწავლება კი გვაძლევს საშუალებას მნიშვნელოვნად დავზოგოთ დრო, ნებისმიერი ადგილიდან დავესწროთ სემინარსა თუ გაკვეთილს და სწავლის პროცესი გავხადოთ უფრო მოქნილი. ამავე დროს, აღნიშნული სწავლის მეთოდი უფრო და უფრო პოპულარული ხდება ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც სურს ბაკალავრიატის შემდგომ სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტში და ამავდროულად მუშაობს. დისტანციურ სწავლის მოქნილი სისტემა კი მათ დაეხმარება სწავლა და სამსახური ერთმანეთთან ჰარმონიულად შეათავსონ. გარდა ამისა, ონლაინ საკონფერენციო ინსტრუმენტების დახმარებით შესაძლებელია ტრენინგების დისტანციურ ფორმატში ორგანიზება და ჩატარება. ეს შანსს მისცემს მრავალ ადამიანს მიიღოს უფრო მაღალი კვალიფიკაცია და გაიღრმავოს ცოდნა სხვადასხვა სფეროში, ისე რომ პრობლემები არ შეექმნას სამსახურში.
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც რჩება ღიად ერთი საკითხი, რომელმაც შესაძლოა დისტანციური სწავლების ფორმა მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და ეს ონლაინ მიღებულ განათლების ხარისხია. რაც არ უნდა ბევრი ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რაოდენ დიდი სიკეთის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ონლაინ სწავლება, თუ მიღებული განათლების ხარისხი დაბალი იქნება ყველაფერს აზრი ეკარგება. საბედნიეროდ, ამ თემაზე უკვე მუშაობს მრავალი ორგანიზაცია, რომელთა მიზანია აამაღლონ დისტანციური განათლების ხარისხი. მათ შორის ერთ-ერთია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ უკვე შეიმუშავა რამდენიმე საერთაშორისო სტანდარტი. ამ სტანდარტებიდან ერთ-ერთია ISO 29994 სტანდარტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ონლაინ განათლების ხარსხი მნიშვნელოვნად ამაღლდეს და საშუალება მისცეს უამრავ ადამიანს სახლიდანაც მიიღონ ხარისხიანი განათლება. სტანდარტზე მომუშავე ერთ-ერთმა პროფესიონალმა Lili Cao-მ განმარტა, თუ რატომ არის ISO 29994 სტანდარტი მნიშვნელოვანი:
"ონლაინ სწავლების მეშვეობით განათლების მიღება მნიშვნელოვნად უმარტივდება უამრავ ადამიანს, მათ შორის მათ, ვისაც უჭირს აქამდე არსებული, ტრადიციული სერვისების მიღება, მობილობის ან ფინანსური ბარიერების გამო." - Lili Cao
ყოველივე აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ დისტანციური სწავლება შეიძლება იქცეს იმ გასაღებად, რომელიც გზას გაუხსნის კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიიღონ განათლება, აიმაღლონ კვალიფიკაცია და სრულად გამოავლინონ მათი შესაძლებლობები. ყოველწლიურად მსოფლიო კარგავს უზარმაზარ ადამიანურ პოტენციალს: უამრავი ნიჭიერი და მაღალი შესაძლებლობის ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ ღარიბ ქვეყნებში, იძულებულნი არიან საკუთარი შესაძლებლობები მიმართონ საკუთარი თავის გადასარჩენად, წყლისა თუ საკვების მოსაპოვებლად, იმუშავონ ფიზიკურად და ვერ გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მინიმუმიც კი. დისტანციური განათლების მეშვეობით კი ასეთ ადამიანებს შეგვიძლია გავუხსნათ ახალი გზა განათლების მიღებისკენ, საბოლოო ჯამში კი ეს ყოველივე აუცილებლად განაპირობებს მომავალში მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას და უამრავ ღარიბ სახელმწიფოს დაეხმარება თავი დააღწიოს სიღარიბეს.
აღნიშნული სტანდარტი შემუშავებულია დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 232 კომიტეტის მიერ, რომელიც უკვე დიდი ხანია მუშაობს განათლების სერვისების დახვეწის მიმართულებით და ამ დროის განმავლობაში უკვე შეიმუშავა 5 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 3 ახალ საერთაშორისო სტანდარტზე მუშაობს.
Comments