ISO სტანდრატები ყავის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად
მრავალი ადამიანისთვის ყავა დილის განუყოფელი ნაწილია. მეტიც, უახლესი კვლევების თანახმად, ჩრდილოეთის ქვეყნებში, როგორებიცაა ფინეთი, ნორვეგია და ისლანდია საშუალოდ დღეში 4 ფინჯან ყავას მოიხმარენ, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უფრო ზუსტად კი, ერთი წლის განმავლობაში ფინეთში ერთი ადამიანი საშუალოდ 12 კილოგრამ ყავას მოიხმარს, ნორვეგიაში კი აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 10 კილოგრამია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ქვეყნების ნაწილი მდებარეობს აქრტიკულ სარტყელთან ახლოს ან უშუალოდ ამ სარტყელში, აღნიშნული სტატისტიკა კიდევ უფრო ლოგიკურად მოგვეჩვენება. გარდა ამისა, ყავის მოხმარება ყოველწიურად იზრდება (გამონაკლისი იყო 2020 წელი კოვიდ პანდემიის გამო) აუცილებელია არსებობდეს ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც უზრუნველყოფს ყავის ხარისხსა და უვნებლობას.
ყავა პირველად ეთიოპიაში აღმოაჩინეს და შესაბამისად სწორედ ეს ქვეყანა ითვლება ყავის სამშობლოდ. არსებობს ლეგენდა მწყემსზე, რომელმაც შეამჩნია, რომ მისი თხები, რომლებსაც მწყემსავდა, ჭამდნენ უცნაურ ნაყოფს, რომელიც პატარა ბუჩქებზე იზრდებოდა. მწყემსმა თავადაც გასინჯა ნაყოფი, რომელიც გემრიელი სულაც არ იყო, თუმცა ქონდა ძლიერი არომატი, გემო და გამამხნევებელი ეფექტი. მან მალე ნაყოფიდან მარცვლების გამორჩევა დაიწყო და მისგან მოხარშა პირველი ყავა. მაგიური სითხის შესახებ ცნობები მალევე გავრცელდა ახლოს მდებარე დასახლებებში. იქვე მცხოვრებმა ბერებმა კი ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოეხალათ ყავის მარცვლები, რათა მიეღოთ კიდევ უფრო მეტად არომატული სასმელი. მალე ყავა გასცდა ეთიოპიის საზღვრებს და მოედო მთელს მსოფლიოს. განსაკუთრებული პოპულარობა ჰპოვა არაბულ ქვეყნებში, ასევე ოსმალეთის იმპერიაში, საიდანაც შემდეგ გავრცელდა მთელ ევროპაში, ხოლო ევროპიდან გადაინაცვლა ამერიკის კონტინენტზე. ევროპულ და ამერიკულ ქალაქებში ერთი მეორის მიყოლებით იხსნებოდა ყავახანები, ხალხი კი იდგა გრძელ რიგებში, რათა დაეგემოვებინათ სასმელი, რომელიც ძალიან შორეული და მისტიკური ქვეყნიდან ჩამოიტანეს.
*სურათზე: ყავის ხე
დღეს-დღეისობით ყავა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული და პოპულარული სასმელია. მეტიც, ზოგიერთი ადამიანისთვის ყავის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელიც კი არის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მსოფლიოს ჰქონდეს ხელთ ისეთი ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებით შესაძლებელი იქნება უზრუნველყოფილი იყოს ყავის უვნებლობა და მაღალი ხარისხი. სწორედ ამ თემაზე მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. მის შემადგენლობაში შედის ISO/TC 34/SC 15 კომიტეტი, რომელიც დაარსდა 1980 წელს და არსებობის ისტორიაში უკვე შემუშავებული აქვს 28 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 2 ახალ სტანდარტზე მუშაობს. კომიტეტის სამუშაო სფეროა ყავა და ყავის შემცველი პროდუქტები და მოიცავს მთლიან ჯაჭვს, რომელსაც ყავა გადის მანამ, სანამ მიაღწევს მომხმარებლამდე. ასევე, კომიტეტის მიერ შემუშავებული სტანდარტები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ტერმინოლოგია, ნიმუშის აღება, ტესტირების მეთოდები და ანალიზი, პროდუქტის სპეციფიკაციები და მოთხოვნები შეფუთვის, შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Comments